6:48 PM
ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი

ევოლუცია არის თეორია, რომელიც აღწერს დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების 4-მილიარდწლიან ისტორიას, მექანიზმებს და იგი ყველაზე კარგადაა დოკუმენტირებული და ათასგზის შემოწმებული. ევოლუციის ფაქტს აღიარებს მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა სამეცნიერო აკადემია და მეცნიერთა უდიდესი ნაწილი, ვინაიდან ეს თეორია 150 წლის მანძილზე უამრავი მეცნიერის მიერაა დატესტილი და არა ათასობით, არამედ მილიონობით ფაქტითა და არტეფაქტით გამყარებული. ევოლუცია ისეთივე ფაქტია, როგორც ის, რომ დედამიწა გეოიდური ფორმისაა და მზის გარშემო ბრუნავს. განათლებულ საზოგადოებაში ამ თემაზე არც კი უნდა მიდიოდეს მსჯელობა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ საზოგადოებაში ამ თემაზე ჯერ კიდევ აზრი ორად იყოფა. ასეა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი... სწორედ ამიტომ მიჩიო კაკუც ამბობს, რომ ჩინეთი, იაპონია, კორეა, ინდოეთი და ვეფხვების მხარე არის ის რეგიონი, რომელიც მომავლის ცივილიზაციურ ცენტრად იქცევა, ვინაიდან ამერიკას აქვს ყველაზე უარესი საგანმანათლებლო სისტემა, რაც კი ცნობილია მეცნიერებისთვის და ამბობს, რომ ამერიკა ვერ იქნებოდა მსოფლიოს წამყვანი სუპერძალა და ინოვატორი მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში, რომ არა ერთი საიდუმლო იარაღი, სახელად "ვიზა გენიოსებისთვის". აშშ აქამდე მთელი მსოფლიოდან იზიდავდა გენიოსებს და თავიანთი საქმის უმაღლეს პროფესიონალებს და ამ გზით ავსებდა იმ სამუშაო ადგილებს, რომლებიც სუპერსახელმწიფოსთვის ძალიან საჭიროა და ამავე დროს ვერ შეასრულებს ისეთი ადამიანი, რომლის გონებრივი მონაცემებიც არის ძალიან დაბალი, დაბალი, საშუალო ან საშუალოზე მაღალი, არამედ უნდა იყოს გენიოსთან მიახლოებული. მაგალითად 145+ IQ. მაგრამ ახლა ხდება ასეთი რამ, რომ ჩინელები და ინდოელები იგივენაირ პოლიტიკას აწარმოებენ და თავიანთ გენიოსებს ისევ იბრუნებენ და იქ მყოფთ, აღარც უშვებენ ამერიკისკენ ან სხვა ქვეყნებში ანუ მათ მოახერხეს ე.წ. "ბრეინდრეინის" - ტვინების გადინების, მნიშვნელოვანწილად შეჩერება. აქედან გამომდინარე ამერიკას 2 უდიდესი ტვინების დონორი ქვეყანა თვალსა და ხელს შუა გამოეცალა. ჩინეთის და ინდოეთის სახელმწიფოებში კი ვხედავთ ტექნოლოგოების, გამოგონებების, ახალი მიღწევების ბუმს. ეს თავის მხრივ შტატებისთვისაც კარგია, ვინაიდან კარგად დაინახეს, რომ რელიგიურად დაზომბირებული საზოგადოება, რომლიც 40% არის კრეაციონისტი, სუპერსახელმწიფოს კი არა მესამე სამყაროს ქვეყანასაც კი ვერ ააშენებს. ასე რომ, ამერიკაში დაინახეს განათლების სისტემის ძირეული რეფორმირების აუცილებლობა, თუ უნდათ, რომ მომავალშიც შეინარჩუნონ სუპერსახელმიფოს სტატუსი. ქვეყანამ უნდა "აწარმოოს" რაც შეიძლება ბევრი მეცნიერი თუ უნდა, რომ შეინარჩუნოს პირველობა, ან თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ უნდა დაუთმოს ჩინეთს, ინდოეთს და იაპონიას მსოფლიო ლიდერეობის ასპარეზი.

 


 


შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა მე-19 საუკუნეში გადაასწრეს ჩინეთს და გახდნენ ცივილიზაციის ცენტრები და ე.წ. "ბირთვი სახელმწიფოები", ეს იმიტომ რომ ბრიტანეთში დაიწყო კაცობრიობის განვითარების ახალი ფაზა - ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც შტატებმაც მალევე აითვისა, როგორც ბრიტანეთის კულტურულმა ტყუპისცალმა. ამ გზით მათ ცივილიზაციის ცენტრის მრავალსაუკუნოვანი და ურყევი სტატუსი ჩამოართვეს ჩინეთს. თუმცა ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩინეთმა მოახერხა და ფეხი აუწყო ინდუსტრიალიზაციის პროცესს. ის ამაში ძალიან წარმატებულიც გამოდგა და ბოლო 3 წლის განმავლობაში იმდენი სამშენებლო მასალა გამოიყენა, რამდენიც მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში გამოიყენა აშშ-მა. ჩინეთი - ეს მილიარდ 406 მილიონიანი გიგანტი თავისი ახალი აბრეშუმის გზით, სწორი, მეცნიერული და სეკულარული განათლების სისტემით და მმართველობით, აუცილებლად წაართმევს ამერიკას პირველობას, თუ რა თქმა უნდა შტატებმა არ გაატარა სირღმისეული, სწრაფი და რევოლუციური რეფორმები პირველ რიგში განათლების სფეროში. შტატებში უკვე ამოქმედდენ განმანათლებლები, მეცნიერების პოპულარიზატორები, ისეთები როგორებიც არიან ნილ დიგრას ტაისონი, მიჩიო კაკუ, სემ ჰარისი, ლოურენს კრაუსი და სხვები. მათი მიზანია მეცნიერების პროპაგანდა და მასების დონეზე ახსნა დიდი მეცნიერული საკითხების, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დააინტერესონ, გახადონ მეცნიერება მოდური და მომავალში უზრუნველყონ ამერიკა პროფესიონალებით რთულ სამეცნიერო დარგებში. მეცნიერების უარყოფით, არამეცნიერული საზოგადოების ჩამოყალიბებით მხოლოდ დეგრადირებას და უკუსვლას მიიღებს ნებისმიერი ქვეყანა და საზოგადოება. სამეცნიერო და წარმატებული, რაციონალური და სეკულარული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სწორი განათლება. ახალგაზრდებს უნდა ეძლეოდეთ მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი, რეალური, უკვე დადასტურებული მეცნიერული ინფორმაცია და არა ყალბი და ანტიმეცნიერული ჰიპოთეზები და ვარაუდები. ევოლუციას კი აღიარებს ყველა სამეცნიერო აკადემია, ეს უბრალოდ არის ისეთი მეცნიერული ფაქტი, რომელსაც წყალი არ გაუვა, მასზეა მთლიანად დაფუძნებული დღევანდელი ბიოლოგია და მთელი მედიცინა. არ შეიძლება იყო ექიმი ან ბიოლოგი და არ გჯეროდეს ევოლუციის, ეს იგივეა, რომ იყო ფიზიკოსი და ეჭვქვეშ აყენებდე გრავიტაციის არსებობას. ეს არაა ის საკითხი, რომელიც დაჯერებაზე ან არდაჯერებაზეა ან იდეის მოწონებაზე ან არმოწონებაზე, არამედ ეს არის დამტკიცებული რეალობა, ისეთივე, როგორიც არის გრავიტაცია და თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება გრავიტაციის არსებობაში, შეუძლია გადმოხტეს მე-9 სართულიდან და შეამოწმოს რამდენად მართებულია გრავიტაციის თეორია. სიმართლე ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის, იმისთვის რომ გამოვიტანოთ მართებული დასკვნები და ჩვენი მსოფლხედვა დავაფუძნოთ არა სიცრუეზე, არამედ სინამდვილეზე, ვინაიდან სიცრუეზე დაფუძნებული არაფერი ვარგა და რაც არ უნდა დადებითად გვეჩვენებოდეს, საბოლოოდ ის მაინც კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს, რასაც ამტკიცებს კიდეც ისტორია. სიცრუეზე და სიყალბეზე დაფუძნებულ არცერთ იდეოლოგიას ადამიანებისთვის საბოლოოდ სიკეთე არ მოუტანია, მიუხედავად იმისა რომ თავად ეს იდეოლოგიები თეორიაში მხოლოდ ყველაფერ კარგს ესწრაფოდნენ, მაგრამ საკმარისია თუნდაც უმცირესი გადახვევა მეცნიერული ჭეშმარიტებისგან და ასეთი გამრუდებული ფუნდამენტის დადება შენობისთვის, რომ ეს შენობა ადრე თუ გვიან ჩამოიქცევა და იქ მყოფებსაც მოიყოლებს. ამის მაგალითად რელიგიებიც გამოდგება, მაგალითად ისლამი, რომელმაც ხალიფატი წარმოქმნა და ამ ხალიფატის 1400-წლიანმა არსებობამ, განუწყვეტელმა, ომებმა, ბრძოლებმა და გენოციდებმა 270 მილიონ ადამიანზე მეტი შეიწირა. ასევე მაგალითად გამოდგება ფაშიზმი, კომუნიზმი, რომელმაც მხოლოდ რეპრესიებში 100 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა და გამოიწვია მსოფლიო ომი. ეს არის შედეგი იმისა, რომ იდეოლოგიების და რელიგიების ფუნდამენტად უმცირესი ტყუილი მაინც იდებოდა. არავითარ შემთხვევაში საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას თავისი ცხოვრება ტყუილზე დააფუძნოს, რაც არ უნდა ტკბილ ტყუილად ეჩვენებოდეს იგი, თორემ ბოლო ძალიან მწარე იქნება, ხოლო სიმართლეზე დაფუძნებული, რაც არ უნდა მწარე გვეჩვენებოდეს თავიდან ეს სიმართლე, ყოველივე საბოლოოდ კარგად დაგვირგვინდება. ტყუილზე დაფუძნებული ყოველივე კატასტროფულ შედეგებს იწვევს მხოლოდ ერთი რამის გამო - ის ეფუძნება სამყაროს, სინამდვილის არაადეკვატურ აღქმას, სინამდვილეს აფასებს ირაციონალურად, რაც იძლევა კიდეც შესაბამის შედეგებს.

 



ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი

 


სწორი მსოფლხედვის და შესაბამსად მართებული ცხოვრების წესის, ნირისა და კანონების ჩამოყალიბებისა და მიღებისთვის კი აუცილებელია გავიაზროთ თუ რა და როგორი არის ჩვენი ნამდვილი ისტორია და როგორ, რა პრინციპებით მუშაობს სიცოცხლე და საერთოდ მთელი სამყარო ან თუნდაც მულტისამყარო. ამაში დაგვეხმარება მხოლოდ და მხოლოდ განათლება, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება ადამიანებში. ასწავლეთ ადამიანს კრიტიკული აზროვნება, კითხვების დასმა, ფაქტების თავად ძიება და ის არასოდეს შეწყვეტს ფიქრს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვასწავლოთ ახალგაზრდებს ხშირად დასვან კითხები "რატომ" და "როგორ". ეს ის კითხვებია, რომელიც ერთნაირად უყვართ ბავშვებს და გენიოსებს. ფაქტები და რეალობა კი მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული მეთოდებით დგინდება დადასტურებულად. ფილოსოფოსმა შესაძლოა მხოლოდ ივარაუდოს, ლოგიკურად მივიდეს რაღაც გარკვეულ დასკვნებამდე, მაგრამ საბოლოო ბეჭედს ასვამს მეცნიერება და მხოლოდ მისი პრეროგატივაა თეორიის, ჰიპოთეზის თუ აზრის მართებულობის ან სიმცდარის გამორკვევა.

 


ევოლუციის ფაქტს უფრო მეტად ეწინააღმეგებიან ორი ტიპის ადამიანები: კრეაციონისტები, რომელთაც სჯერათ ავტორიტეტის, ბიბლიის ან ყურანის და ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება იქ დაწერილ თუნდაც ერთ სიტყვას, მიიჩნევენ არასწორად და სიყალბედ, თუნდაც ეს იყოს აშკარა ფაქტი. ისინი თითქოს სპეციალურად, ამაზრზენად იბრმავებენ თვალს ყველაზე ნათელ რაღაცებზეც კი, იმიტომ, რომ შეუძლებელია ჯანმრთელი ადამიანი ვერ ხვდებოდეს ელემენტარულ ჭეშმარიტებებს, რომ არავის ადამიანი არ გამოუძერწავს თიხისგან და არც ნეკნისგან შეუქმნია ვინმე.

 


მეორე ტიპის ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ, ან ეჭვი შეაქვთ ევოლუციის სისწორეში არის ხალხი, რომელთაც სჯერათ უცხოპლანეტელების ძველ დროში დედამიწაზე სტუმრობის ანუ პალეოკონტაქტის. ისინი ფიქრობენ, რომ უცხოპლანეტელებმა ადამიანი, როგორც სახეობა შექმნეს თავიანთი გენეტიკის შერწყმით დედამიწაზე არსებული მაიმუნის ერთ-ერთ სახეობასთან. თუმცა ევოლუციას ეს ადამიანებიც ნაწილობრივ აღიარებენ, ვინაიდან მხოლოდ ადამიანის ასე ხელოვნურად წარმოქმნას ვარაუდობენ, დანარჩენი არსებების წარმოაქმნას კი ევოლუციით ეთანხმებიან.

 

პალეოკონტაქტის თეორიის ზოგიერთი მომხრე ადამიანი მიდის უფრო შორს და აცხადებს იმასაც, რომ უცხოპლანეტელების მოტანილია დედამიწაზე თავად სიცოცხლე 4 მილიარდი წლის წინ. და ყოველი ცოცხალი არსება წარმოშობილია ევოლუციური პროცესით, მაგრამ პირველადი სიცოცხლე არის ხელოვნურად შექმნილი უცხოპლანეტელების მიერ და ისეა დედამიწაზე შემოტანილი გასამრავლებლად და შემდგომ გასამრავალფეროვნებლადო. თუმცა ამ თეორიების მომხრეები ვერ აუვლენ ვერანაირად გვერდს იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რომ თავად ეს უცხოპლანეტელებიც როგორმე უნდა წარმოშობილიყვნენ და რაიმე ცოცხალის წარმოშობა მხოლოდ და მხოლოდ ევოლუციის ან ამის მგავსი პროცესის მიერაა შესაძლებელი.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 50 | დაამატა: Admin | ტეგები: ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar